აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

მაჭახელას თოფის გზა

 

მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მარშრუტის დასაწყისი / დასასრული:  ბათუმი - სოფელი ზედა ჩხუტუნეთი
მანძილი ბათუმიდან: 39 კმ.
ხანგრძლივობა: ერთი ან რამდენიმე დღე
მარშრუტის ტიპი: საავტომობილო
სირთულე: მარტივი
გზის საფარი: ასფალტირებული გზა

მაჭახელას ხეობა ბათუმიდან სამხრეთით, მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავიდან იწყება. ხეობა ცნობილია თოფი მაჭახელას და საოჯახო ხანჯლების ისტორიით, კულტურულ-ისტორიული ძეგლებითა და ეროვნული პარკით.

„მაჭახელას თოფის გზის“-ს მარშრუტი საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ თოფი „მაჭახელას“ მონუმენტი,  გვარას ციხე,  მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი სოფელ სკურდიდში, ცხემლარას თაღოვანი ხიდი,  ულამაზესი ჩანჩქერი და ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ტურისტული მარშრუტი ბათუმიდან იწყება, მიუყვება ბათუმი ახალციხის გზატკეცილს. სოფ. აჭარისწყლიდან გზა მიემართება მდინარე ჭოროხისა და მაჭახლისწყლის შესართავთან, საიდანაც 300 მეტრის მოშორებით გვხვდება გვარას ციხის ნანგრევები, აქედან გზა გრძელდება მდინარე მაჭახელას ხეობის მიმართულებით და სოფელ სკურდიდში ისტორიულ ქვემეხსა და ამბრაზურასთან მივყავართ. გზად გვხვდება ცხემლარას თაღოვანი ხიდი, რომელიც XII საუკუნეშია აგებული. ხეობის აყოლებით მივდივართ სოფელ ზედა ჩხუტუნეთში. აქ დამთვალიერებელს ულამაზესი ჩანჩქერი ელის, რომლის ფორმა გამორჩეულია და კიბის საფეხურებს წააგავს. მარშრუტი გრძელდება ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმართულებით, რომელიც ყოფილი მეჩეთის სამსართულიან შენობაშია განთავსებული. გზიდან მაჭახლის ხეობის შთამბეჭდავი ხედები იშლება.

ხეობაში შესაძლებელია მაჭახელას ეროვნული პარკის მონახულება. პარკი ზღვის დონიდან 300-350 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. პარკის ტერიტორიის 95% წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყანის ტყეებს უკავია. ფუნქციონირებს ორი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. აჭარისაღმართის ცენტრში.

ქვედა და ზედა ჩხუტუნეთსა და კოსტანეთში შესაძლებელია ღამისთევა და ტრადიციული კერძების დაგემოვნება საოჯახო სასტუმროებში, სადაც გაეცნობით ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას, გაისეირნებთ მიმდებარე ადგილებში და მოინახულებთ ღირშესანიშნაობებს.

ტრანსპორტი
მაჭახელაში დადის მუნიციპალური ტრანსპორტი (სამარშრუტო ტაქსი) - მგზავრობის ღირებულება - 2 ლარი.
ქვედა ჩხუტუნეთი-ბათუმი 07:00; ბათუმი - ქვედა ჩხუტუნეთი 16:00;
ზედა ჩხუტუნეთი-ბათუმი 09:00; ბათუმი - ზედა ჩხუტუნეთი 12:30

ორგანიზებული ინდივიდუალური ან ჯგუფური  ექსკურსიით

ტაქსით (დაახ. 100 ლარი) ან საკუთარი ტრანსპორტით

ტრანსპორტსა და გიდების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შესაძლებელია დაუკავშირდეთ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს ტელეფონის ნომერზე: +995 577 90 90 91 / +995 577 90 90 93 ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა კონტაქტიც შეგიძიათ იხილოთ ვებ-გვერდზე   www.infoadjara.com

დაგეგმე მოგზაურობა

rogor wavide

sad davbinavde

rodis wavide

rogor gavataro dro

sasargeblo informacia