აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი

INFOADJARA.COM GOBATUMI.COM
Geo Eng Rus

დაგეგმე მოგზაურობა

rogor wavide

sad davbinavde

rodis wavide

rogor gavataro dro

sasargeblo informacia

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. 16 ათას ჰექტარზე გაშლილი პარკი საქართველოში ყველაზე ნოტიო ჰავით ხასიათდება. პარკის ტერიტორიაზე შემორჩენილია უიშვიათესი  მცენარეები და ცხოველები, რომელთა უმრავლესობაც შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. პარკის ტერიტორიაზე შემუშავებულია ორი, წაბლნარას 7 კილომეტრიანი, მარტივი სირთულის და ცივწყაროს 16 კილომეტრიანი, საშუალო სირთულის ტურისტული მარშრუტი.

ბილიკი №1 „წაბლნარი“
მარშრუტის ტიპი - საფეხმავლო
პერიოდი: მაისი - ოქტომბერი
წრიული ბილიკის სიგრძე - 7კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან - 260 - 445 მეტრი
სირთულე - მარტივი

წაბლნარის წრიული ბილიკი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და მიუყვება მდინარე ჩაქვისწყლის  ხეობას.  ბილიკის დასაწყისში გვხვდება მექანიკური საბაგირო, რომლის საშუალებითაც გადახვალთ მდინარის მეორე ნაპირზე და განაგრძობთ გზას ჩანჩქერის მიმართულებით.   მარშრუტის ამ მონაკვეთზე უხვად შეგხვდებათ როდოდენდრონის ბუჩქები, რომლის ყვავილობაც ულამაზესი სანახაობაა. 1,5 კმ-ის გავლის შემდეგ  გვხვდება ზიპ-ლაინი, სადაც ექსტრემალური გართობის  მოყვარულებს შეუძლიათ დაეშვან ხეებზე გაბმულ ბაგირებზე.  ზიპ-ლაინიდან რამოდენიმე მეტრში  გზა  იყოფა ორი მიმართულებით:  თუ მხოლოდ ტბასთან აპირებთ მოხვედრა შეუხვევთ მარცხნივ,  ხოლო  თუ ჩანჩქერის მონახულებაც გსურთ გზას გააგრძელებთ მარჯვნივ და 1,5 კმ-ს გავლის შემდეგ მოხვდებით ჩანჩქეთან,  რომლის სიმაღლეც 15 მეტრს აღემატება. უკან  დაბრუნებისას,  ჩანჩქერიდან ერთ კილომეტის გავლის შემდეგ მოხვდებით ტბასთან, სადაც  მოწყობილია  საპიკნიკე  ადგილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. აქ შეძლებთ მოაწყოთ პიკნიკი ველურ ბუნებაში, დაანთოთ ცეცხლი და იბანაოთ ტბაში.

ბილიკი №2 ცივწყარო
მარშრუტის ტიპი - საფეხმავლო
ხანგრძლივობა - 2 დღე
პერიოდი  ივნისი - სექტემბერი
წრიული მარშრუტის სიგრძე - 16 კმ
სიმაღლე  ზღვის დონიდან - 260-1250 მეტრი
სირთულე- საშუალო

ცივწყაროს ბილიკი  წაბლნარის  ბილიკთან   შედარებით უფრო რთულია და განკუთვნილია ხანგრძლივი ლაშქრობის მოყვარულთათვის. ორდღიანი მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და სრულდება ზღვის დონიდან 1,250 -ზე. ბილიკის დასაწყისში გაივლით კოლხური ტიპის ფართოფოთლოვან შერეული ტყეს. გარდა მრავალფეროვანი მცენარეული საფარისა, ბილიკზე შესაძლებელია   მურა დათვის, შველის, კვერნის, მაჩვის, არჩვისა და სხვა ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა ნაკვალევის ნახვა.

მარშრუტის გავლისას გზად გვხვდება ბუნებრივი წყაროები. ბილიკის მე-9 კმ-ზე ვიზიტორებისათვის მოწყობილია  8 ადგილიანი ტურისტული თავშესაფარი.  აქვეა ცეცხლის დასანთები და საპიკნიკე ადგილები. ბილიკის ბოლო ნაწილში  ტყის 70% წიფლნარია.  რეკომედებულია მარშრუტზე რეინჯერთან ან გიდთან ერთად მოგზაურობა.

როგორ მოვხვდეთ პარკში:
მიმართულება: ბათუმი - ჩაქვისთავი (მტირალას ვიზიტორთა ცენტრი)
სიხშირე: ორშაბათი, პარასკევი
ხანგრძლივობა: 45 წთ
საფასური: ბათუმიდან -  3 ლარი, ჩაქვიდან 2 ლარი
გასვლის ადგილი: ბათუმის ავტოსადგური
გასვლის დრო:  08:00 /17:50
დაბრუნების დრო: 09:30 / 19:00

მიმართულება: ბათუმი - ხალა (მტირალას ვიზიტორტა ცენტრამდე 7 კმ)
სიხშირე: ყოველდღე
გასვლის დრო: 08:30;11:30;14:30;17:50
დაბრუნების დრო: 09:20; 12:20; 15:20; 18:30
მგზავრობის ფასი: 1ლარი
პარკში მოხვედრის ყველაზე მარტივი მეთოდია ტაქსით ( 80-100 ლ) მგზავრობა ან ორგანიზებული ტურით.
აქტივობები: ლაშქრობა, ზიპ-ლაინი, კემპინგი, ცხენით სეირნობა.

განთავსება: მტირალას ეროვნულ პარკში მოგზაურობისას ღამისთევა შესაძლებელია როგორც პარკის ვიზიტორთა ცენტრში, ასევე პარკთან მახლობლად, სოფელ ჩაქვისთავში არსებულ  საოჯახო სასტუმროებში. საოჯახო სასტუმროებში ღამისთევის საფასური საუზმით შეადგენს 35 ლარს, სამჯერადი კვებით 50 ლარს.

ტურისტული თავშესაფარი  „ცივწყაროს“ საფეხმავლო ბილიკის მე-9 კილომეტრზე მდებარეობს. თავშესაფარი ორსართულიანია, არის სამზარეულო და სველი წერტილი. აუცილებელია თან იქონიოთ საძილე ტომრები.

ღამისთევა  - 20 ლარი;

კვება: მტირალას ეროვნული პარკში კვება შესაძლებელია, როგორც რესტორნებში, ასევე საოჯახო სასტუმრო სახლებში, რომელიც ვიზიტორთა ცენტრთან ნახევარ კმ-ში მდებარეობს. სადილის/ვახშამის ფასი საშუალოდ შეადგენს 25-35 ლარს. რეკომენდებულია დააგემოვნოთ თევზი, მტირალას თაფლი და მტირალას ნიგვზისგან დამზადებული სხვადასხა ადგილობრივი კერძი. პოპულარულია ასევე მტირალას თაფლის არაყი.

მტირალას ეროვნულ პარკის სერვისებთან და მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დაცული ტერიტორიების ოფიციალურ ვებ საიტზე Info@apa.gov.ge

ან  დარეკოთ მითითებულ ნომერზე : +995 577 10 18 89

ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მდებარეობს  დაბა ჩაქვში მეგენეიშვილის ქუჩა №13